ყოფილმა დეპუტატმა და ამჟამად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა სპორტის საკითხებში მუხრან ვახტანგაძემ ბრიფინგი გამართა. ის ჭიდაობის ფედერაციის არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტზე მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და დეზინფორმაცია უწოდა.
როგორც მუხრან ვახტანგაძემ განაცხადა, სრული სიცრუეა თითქოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა ფიზიკურ ანგარიშსწორება. მისივე განცხადებით, ეს ყველაფერი ემსახურება მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.
„გუშინ გავრცელებული დეზინფორმაცია არის აბსურდი. ჭიდაობის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი არის ჯემალ წულუკიძე, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის პრეზიდენტი არის ანზორ ლაზიშვილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ყოველთვის მიმდინარეობს ჩემს მიმართ ბინძური კამპანიები. არანაირი სურვილი არ მაქვს რომელიმე ფედერაციის პრეზიდენტი ვიყო. შეხვედრები გვაქვს ყოველ დღე. ვართ სპორტული ოჯახი. აჭარის სპორტი იყო მოწოდების სიმაღლეზე და ყოველთვის ასე ვიქნებით.
ნებისმიერ ჩემს სიტყვაზე ვაგებ პასუხს. ეს ინფორმაცია სრული აბსურდია. აბსურდებს უნდა მორჩეთ და ფაქტებით უნდა ისაუბროთ. რა ავტორიტეტების ჩარევა. დაჭრილია ხომ თქვით, აგერ ვარ და ნახეთ. აგერ არის ჩემი მეგობარი „სვანი“. ის ყოველთვის ჩემთან ერთად არის. აგერ არის და ხედავთ როგორც არის. ყველაფერს აქვს საზღვარი.
მსგავსი არაფერი არ ყოფილა. არც მე ვარ დაჭრილი, „სვანი„ გაინტერესებდათ, არ არის დაჭრილი ხედავთ. ვინც ამ ფაქტს გიდასტურებთ, რატომ იმათთან არ მიდიხართ და არ ელაპარაკებით?
არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება სპორტთან და სპორტსმენებთან, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ქვეყანა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ვარ სპორტის დარგში და ამიხსენით მე რატომ უნდა მინდოდეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად ვიყარო კენჭი? არანაირი სურვილი არ მაქვს. არანაირი კონფლიქტი და დაპირისპირება არ ყოფილა“, – განაცხადა მუხრან ვახტანგაძემ.
შეგახსენებთ, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის არჩევნები 10 თებერვალს გაიმართება.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











