აჭარის რეგიონში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ორშაბათიდან დაიწყება და პირველ ეტაპზე აცრა მაღალი რისკის სამედიცინო პერსონალს, კოვიდსამედიცინო დაწესებულებებში, ემერჯენსებსა და რეანიმაციაში დასაქმებულ პერსონალს, ჩაუტარდება.
აცრების ჩატარება შესაძლებელი იქნება ცხრა სამედიცინო პუნქტში, რომელთაგან ოთხი არის ბათუმში, ხოლო ხუთი აჭარის მუნიციპალიტეტებში.
ვაქცინაციის პროცესის დაწყებისათვის სამედიცინო პერსონალის და პროცესში ჩართული პირების ტრენინგები უკვე დასრულებულია.
აჭარამ “ასტრაზენეკას” 3980 ვაქცინა მიიღო, რომელთა მიღებასა და დასაწყობებაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
“რეგიონისთვის გასაზღვრული დოზა, 4000 მდე ვაქცინა, მივიღეთ. რეგიონი სრულ მზადყოფნაშია, მობილიზებულია ცხრა ამცრელი დაწესებულება, მათ შორის ოთხი არის ბათუმში, ხოლო ხუთი აჭარის მუნიციპალიტეტებში. ამცრელი ჯგუფები დაკომპლექტებულია და მათ რამდენიმე ტრენინგი გაიარეს. პირველ ეტაპზე მოვიცავთ მაღალ რისკ – ეს არის ძირითადად კოვიდსამედიცინო დაწესეულებებში, ემერჯენსებსა და რეანიმაციაში დასაქმებული პერსონალი. რეგისტრაცია დაწყებულია და აქტივობაც მაღალია, “- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის განმავლობაში არ აქვთ. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











