„იყო თუ არა პრევენცია შესაძლებელი, იყო თუ არა რისკების გათვლა, რომ ეს შედეგი ყოფილიყო თავიდან აცილებული, რა თქმა უნდა, სჭირდება კომპლექსური გამოძიება, ყველა ექსპერტის ჩართვა“,- განაცხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დაკრძალვაზე მოსულმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ.
მისივე განცხადებით, არც ერთი საქმის მიზანი არ უნდა იყოს დამნაშავის შექმნა. მთავარი ამ შემთხვევაში არის ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა.
„სამართალდამცავებმა ამ კუთხით ძალიან ბევრი უნდა იშრომონ. უნდა ვთხოვო ყველა მოქალაქეს, რომ ინტერპრეტაციებისგან თავი შეიკავონ, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ შექმნას საზოგადოების მხრიდან დამნაშავეების, რამაც შეიძლება უფრო მეტად გაართულოს საქმე და უფრო მეტად შექმნას პრეცედენტები, იმისა, რომ მსგავსი ტიპის ობიექტური გამოძიება არ მოხდეს.
საზოგადოებაც და სახელმწიფოც, ყველა ერთად უნდა გამოფხიზლდეს, უფრო მეტად უნდა გაიაზროს ის რისკები, რაც შეიძლება ახლდეს ასეთ საქმეს.
რაც შეეხება თავად სისხლის სამართლის შემადგენლობას, იცით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არის 140-ე მუხლი, რაც გულისხმობს 16 წელს მიუღწეველთან წინასწარი განზრახვით შეღწევას. სწორედ ამ მუხლით არის საქმე აღძრული და და არა გაუპატიურებით, ესეც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, ამ კუთხითაც არის სამუშაო, მაგრამ უდანაშაულობის პრეზუმცია არის პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვას ნებისმიერმა განვითარებულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ. ამიტომ კონკრეტულ უწყებებზე კი არა, მთლიანად კომპლესურად არის გამოსაძიებელი ყველა დეტალი, რომ საქმეზე დადგეს ობიექტური ჭეშმარიტება. არ შეიქმნას დამნაშავე, არამედ გამივლინდეს ყველა ის ქმედება თუ უმოქმედობა, რომელმაც შექმნა ეს შედეგი, რა შედეგიც მივიღეთ.
ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მძიმე შემთხვევაზე, დანაშაულზე. დანაშაულზე ასე უაპელაციოდ კონკრეტული დასკვნების გაკეთება არ იქნება სწორი და წაგვიყვანს არასწორი გზით. ეს არ იქნება კანონის უზენაესობის და ჭეშმარიტების დადგენის პრინციპი. რამდენად სწორი იყო ქმედება სამართალდამცავი ორგანოების, დაკავების შემთხვევაში იქნებოდა თუ არა არიდებული ეს შედეგი, ამის გათვლა, რისკების და პრევენცირების, ცალკე შესწავლის საგანია და ეს უნდა გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იმისთვის, რომ სამომავლოდ მსგავსი ტიპის შედეგები ქვეყანამ და მოსახლეობამ არ მიიღოს.
ცალკეული ტიპის პროფესიონალიზმი ჭირდება , ცოდნა ჭირდება, კვალიფიკაცია ასეთი შემთხვევების დროს, მათ შორის სოცმუშაკსაც. შესაძლებელია შენ ჯეროვნად ცდილობდე გარკვეული შედეგის მიღებას, მაგრამ გაქვს თუ არა ამის ცოდნა, გამიცდილება და კვალიფიკაცია, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზეც მიგვიწევს ალბათ ფიქრი და ამდენად, შეუძლია სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, მიაგნოს ის წერტილოვანი გამოწვევები, რომელიც ასეთ შემთხვევებს ახლავს”- განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











