ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულ 3 პირს- ბინის მეპატრონესა და ორ მუშას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გამოძიებით დადგინდა, რომ სამუშაოები, რომლის დროსაც სახლის საყრდენი კედლები მოხსნეს, უნებართვოდ მიმდინარეობდა. დაკავებულებს 2-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ისინი ბრალს არ აღიარებენ.
26 მაისის ქუჩაზე, 8 ოქტომბრის ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან სამი არასრულწლოვანია. ამ დრომდე საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას 37 წლის ზვიად თავდგირიძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დასტაბილურდა.
საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო სულ სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირებისა და დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.











