ბელარუსში, 15 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციის დროს 1,100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
უფლებადამცველი ორგანიზაცია Viasna-ს ინფორმაციით, აქციის დროს 1,127 ადამიანი დააკავეს – უმეტესობა მათგანი მინსკში.
აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ყუმბარები გამოიყენა. Viasna-ს ცნობით, დაკავებულების ნაწილი ნაცემია.
AFP-ს ინფორმაციით, მინსკში 15 მეტროსადგური დაკეტეს და ინტერნეტი შეფერხებით მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების მეორე ტალღა 25 ოქტომბრიდან მას შემდეგ განახლდა, რაც ოპოზიციის მიერ ბელარუსის მთავრობისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა უშედეგოდ ამოიწურა.
ოპოზიცია და მათი მომხრეები არჩევნებში ლუკაშენკოს გამარჯვებას არ აღიარებენ.











