ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბიშკეკში ორდღიანი არეულობების დროს სამედიცინო დაწესებულებებს 768-მა პაციენტმა მიმართა. დაშავებულთაგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 218 ჰოსპიტალიზებულია.
შეგახსენებთ, რომ ბიშკეკში საპროტესტო აქცია 5 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში დაიწყო. დემონსტრაციის მონაწილეები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ პროსახელისუფლებო პარტიებმა შეძლეს.
აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები გვიან ღამით პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების შენობებში შეიჭრნენ.
ამასთან, ყირგიზეთის დედაქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის იზოლატორიდან გაათავისუფლლეს კორუფციის ბრალდებით დაკავებული ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი. ატამბაევი ქვეყნის დედაქალაქში გამართული აქციის მონაწილეებსა და უწყების ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოიყვანეს შენობიდან.
საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში კვირას გაიმართა. არჩევნებში სულ 16 პარტია მონაწილეობდა. 12-მა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა.











