თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ნატალია ილიჩოვამ თქვა, რომ რუკა ნამდვილად ჰქონდათ, მაგრამ ეს არის 1936 წლის რუკა.
“თუკი, როგორც ამბობენ, ჩვენ გვაქვს ორასიათასიანი რუკა, ეს რუკა ჩვენ სულ გვქონდა, მაგრამ ეს არის 1936 წლის რუკა. ამ რუკის თანახმად ჩვენ გადავდივართ 1929 წელში, ამ დოკუმენტში კი საუბარია, რომ დავით გარეჯის ნაწილს ვკარგავთ და საზღვარი არის ჩიჩხიტურის კოშკზე.
როდესაც ჩემთან ჩატარდა ჩხრეკა და ამოიღეს მასალები, გაუკვირდათ რატომ გვქონდა ამდენი მასალები, ამდენს ვსწავლობდი მასალებს და ამიტომ მქონდა. რომ არ მქონოდა, შეიძლება, არასათანადოდ შემესწავლა.
ჩვენთვის ძალიან უცხოა ბრალდება, რაც წაგვიყენეს. ეს რუკა არის ინტერნეტშიც. სწორედ ამ რუკაზე ვამბობთ, რომ ეს არაა სრულყოფილი, შეგიძლიათ შეადაროთ ძველი რუკა და ახალი, თანამედროვე რუკა და ნახავთ, რომ იქ, იმ დატანილ წერტილს ვერ ნახავთ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რუკები არ არის სრულყოფილი.
ჩვენ გვაქვს კიდევ სრულყოფილი რუკები, ჩვენ ვხელმძღვანელობთ 1938 წლის დადგენილებით. ჩვენ გვაქვს უკეთესი რუკები, ის არის უფრო ზუსტი და უფრო უკეთესად არის დატანილი საზღვრები. რაც შეეხება იმას, რომ დაიკარგა, ეს ნამდვილად მე გავაკეთე, თუ ეს ვარაუდია?”, -განაცხადა ილიჩოვამ.
პროცესზე სიტყვით გამოვიდა ასევე საქმის ფიგურანტი ივერი მელაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ბრალდებას არ შეეგუება.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.











