კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია, – ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორიმა მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.
მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმოადგენს, ხოლო სამი შემოტანილია.
„გუშინ ქვეყანაში გვყავდა 1039 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ათი ახალი და გვყავს 1049 პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ სამით გაიზარდა და არის 903.
ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, ხოლო სამი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ორი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევებია. ორ პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – ამბობს ეზუგბაია.
ეზუგბაიას განმარტებით, თუ ქვეყანაში კონტროლი გაგრძელდება, პროცესების მართვა მარტივად შესაძლებელია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში Covid-19-ის კიდევ 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.











