„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრის საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობა და მსგავსი აქციების ორგანიზება ამომრჩევლის მოსყიდვის რისკებს შეიცავს.
ორგანიზაციის ანგარიშში რამდენიმე დეპუტატი და პოლიტიკური ორგანიზაცია მოხვდა, მათ შორის დმანისისა და წალკის მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილი, რომელმაც პირადი სახსრებით შეიძინა ნახევარი მილიონის სასურსათო პროდუქტი 16 000 ოჯახის დასახმარებლად.
კახა კუჭავა გამორიცხავს, რომ აშშ საქართველოს დაფინანსებას შეუჩერებს
„მოსახლეობას პროდუქტები შეფუთვებად დაურიგდა, რასაც თან ახლდა წარწერა – „საკვები პროდუქტების ნაკრები, თქვენთან ერთად, კახა ოქრიაშვილი, ჰუმანიტარული დახმარება“.
შესაბამისი განცხადება დეპუტატის პრეს-სამსახურმა მედიითაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს, კახა ოქრიაშვილმა აუქციონის წესით, პირადი სახსრებით, ჯამში, 32 000 ლიტრი ზეთი, 48 000 კგ მაკარონი, 32 000 კგ ბრიჯი, 32 000 კგ წიწიბურა და 32 000 კგ შაქარი შეიძინა.
განცხადების მიხედვით, შესაბამისად, პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტებით დაკომპლექტებული კალათა 16 000 ოჯახზე თანაბრად განაწილებისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო თითოეული ოჯახი ორ ლიტრ ზეთს, 3 კგ მაკარონს და 2-2 კგ ბრინჯს, წიწიბურასა და შაქარს მიიღებდა.
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, მაჟორიტარული ოლქის მცხოვრებლებმა საკვები პროდუქტები ნამდვილად მიიღეს, შესაბამისი გზავნილით კახა ოქრიაშვილისგან.
ორგანიზაციის ანგარიშში ასევე მოხვდნენ დეპუტატები: ფატი ხალვაში, მუხრან ვახტანგაძე, გოჩა ენუქიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, გენადი მარგველაშვილი, გოგი მეშველიანი, სავალან მირზოევი, გიორგი თოთლაძე, კობა ლურსმანაშვილი, კობა ნაკაიძე, ანზორ ბოლქვაძე, ელგუჯა გოცირიძე, ნინო წილოსანი, თემურ ხუბულური, გიორგი ვოლსკი, ასევე პოლიტკურ პარტია „ლელოსთან“ დაკავშირებული ორგანიზაცია „მოძრაობა მომავლისთვის“.











