„პარლამენტში შემოსვლაზე არ არის ლაპარაკი, დღეს არის პირველი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით, რაზე მოვილაპარაკებთ ან ვერ მოვილაპარაკებთ“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წვერმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პარლამენტში მისული ლევან იოსელიანი ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, იქნება თუ არა მოლაპარაკება შედეგიანი.
მისივე თქმით, პოლიტპატიმრების საკითხი კვლავ რჩება პრიორიტეტად და ამ საკითხის გარეშე სხვა საკითხების განხილვას არ აპირებენ.
„ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვადასტურებთ, რომ პოლიტპატიმრების საკითხი არის პრიორიტეტული და ამ საკითხზე ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი და ამ საკითხის გარეშე არ ვაპირებთ სხვა საკითხების განხილვას.
ოპოზიციურ ერთობას რომ გამოვეთიშეთ, მგონი, ეს თავად ნახეთ. რაღაც კოლექტიური სასამართლო, სადაც თქვეს, რომ ჩვენ არ ვართ ოპოზიცია, რაც არის სრული სისულელეა, რადგან ოპოზიცია ვინ არის და ვინ არა, ამას წყვეტს ამომრჩეველი. აქედან გამომდინარე, ეს ერთ რამეს ადასტურებს, რომ ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ ამ ქვეყნის პერსპექტივას, პოლიტიკური პროცესის განტვირთვას, განმუხტვას, ისინი კი სხვანაირად უყურებენ. მათ თავიანთი გზა აქვთ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს“, – განაცხადა იოსელიანმა.










