დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, დომინიკ რააბის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ინფორმაციას gov.uk ავრცელებს.
„დიდი ბრიტანეთი ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ეუთოს მეშვეობით სასწრაფოდ უნდა ჩავატაროთ იმ დარღვევების გამოძიება, რამაც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები უსამართლოდ აქცია და ასევე უნდა გამოვიძიოთ ის საშინელი რეპრესიები, რაც არჩევნებს მოჰყვა.
გაერთიანებული სამეფო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს იმაზე, რომ სანქციები დაუწესდეს იმ პირებს, ვინც პასუხისმგებელია ბელარუსში მშვიდობიანი აქციების მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებისთვის“, – განაცხადა დომინიკ რააბმა.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ლუკაშენკოს გადადგომას და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას უკვე კვირაზე მეტია ითხოვენ.











