“ჯერჯერობით არავინ აპირებს ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ არის მკაფიო მთავარ საკითხებზე რა ხდება, თუნდაც მელიასთან დაკავშირებით და სხვა პოლიტპატიმრებზე, ასევე, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„დღევანდელი შეხვედის მთავარი საკითხი იყო 15 მაისის აქციისთვის მზადება და ის მთავარი სამუშაო რაც უნდა გაწიონ პარტიებმა. რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობვა აქვს, რადგან როგორც ჩანს, პროტესტია ის ერთადერთი გზა, რომელსაც ოპოზიცია მიმართავს საბოლოო შეთანხმებისთვის.
რაც შეეხება დოკუმენტს, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ დანიელსონის დოკუმენტი ჩარჩო დოკუმენტია, სადაც ძალიან ბევრი საკითხია დასაზუსტებელი. მათ შორის, მთავარი საკითხები, რაც ეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, პოლიტპატიმრებს და ახალ არჩევნებზე მსჯელობას, ასევე, ბევრი სხვა საკითხი, რაც ზოგადად, შეიძლება შეთანხმებულად გვეჩვენება – საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების და სასამართლოს საკითხი, იქაც ბევრი დეტალებია, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. ამიტომ ჩვენი ამოცანა იქნება გაგრძელდეს მუშაობა ამ საკითხებზე და ჩვენი პრინციპული პოზიცია კიდევ ერთხელ გავაცნოთ ჩვენს მედიატორებს.
ბუნებრივია, ხელისუფლებასაც უნდა ესმოდეს, რა იქნება გზა საბოლოო შეთანხმებისთვის. ჯერჯერობით არავინ აპირებს ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ არის მკაფიო მთავარ საკითხებზე რა ხდება, თუნდაც მელიასთან დაკავშირებით და სხვა პოლიტპატიმრებზე, ასევე, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა წერეთელმა.











