პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ლევან იოსელიანის განცხადებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში ჩართვის მომხრეა.
ლევან იოსელიანი აგრეთვე აცხადებს, რომ საგამოძიებო პროცესში მხოლოდ მაშინ ჩაერთვებიან, თუ სხვა ოპოზიციური პარტიებიც ჩაერთვებიან საგამოძიებო პროცესში.
“დროებითი საგამოძიებო კომისიაში ჩართვის მომხრე ვართ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამ პროცესში ის ოპოზიციური პარტიები ჩაერთვებიან, ვისაც საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდა საარჩევნო უბნებზე. მინდა, რომ ჩაერთონ და მათთან ერთად დავამტკიცოთ ის, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ. ჩვენ არ გვყოლია დამკვირვებლები არჩევნებზე და რთული იქნება, ყველას ნაცვლად, იმ მტკიცებულების ტვირთის აწევა, რაც ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უნდა დაადასტუროს. ჩვენ გვყავდა წარმომადგენლები საბურთალოზე და ვნახეთ, როგორი მასშტაბის იყო დარღვევები და ოქმების გადაწერები. ამას დაემატა ოპოზიციის დანარჩენი პარტიების განცხადებები, რომ ყველგან ასეთი სიტუაცია იყო და არანაირი საფუძველი არ გვქონდა, მათ არ დავუჯეროთ, მაგრამ ვამბობთ, მოდით, ეს ყველაფერი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დავამტკიცოთ. ის მტკიცებულებები მოიტანონ, რაც სასამართლოში შეიტანეს და სასამართლომ განხილვაზე უარი თქვა”, – განაცხადა იოსელიანმა.










