ენგურის ცენტრალური ხიდი დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით ცალმხრივად ისევ გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ გალის ე.წ. ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს უკან დაბრუნება და ე.წ. საკონტროლო – გამშვები პუნქტის გადაკვეთა 2020 31 დეკემბერის ჩათვლით შეუძლიათ.
სამეგრელოდან აფხაზეთში გადამსვლელებმა ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის“ პასპორტი, 2016 წლის ნიმუშის აფხაზური პასპორტი, ფორმა #9, ბინადრობის მოწმობა, 14 წლამდე ბავშვებისთვის კი დაბადების მოწმობა თან უნდა იქონიონ. ამ ჩამონათვალს დაემატა Covid – 19 – ზე გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
მანამდე, აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი, ასევე ცალმხრივად, რამდენიმე დღით, ხუთჯერ გაიხსნა. ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორი, ბოლოს სამეგრელო- აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 3 დან-10 დეკემბრის ჩათვლით მოეწყო.
ავტორი: თეა შონია











