ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მხარის გადაწყვეტილებით, დღეს ენგურის ხიდი ცალმხრივად გაიხსნა.
დე ფაქტო რესპუბლიკის „უსაფრთხოების სამსახურის“ ინფორმაციით, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეები უკან დაბრუნებას და ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გადაკვეთას 5-9 აგვისტოს, დილის 9:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე შეძლებენ.
ამავე ცნობით, ყველა მათგანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სამედიცინო-სანიტარულ შემოწმებას გაივლის.
სამეგრელოდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადამსვლელებმა „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის“ პასპორტი, 2016 წლის ნიმუშის აფხაზური პასპორტი, ფორმა #9, ბინადრობის მოწმობა, 14 წლამდე ბავშვებისთვის კი დაბადების მოწმობა უნდა იქონიონ.
მანამდე კი აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდზე, რომელიც პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი, ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორი, ასევე ცალმხრივად, რამდენიმე დღით, მაისში, ივნისსა და ივლისში გაიხსნა.
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 107-მდე გაიზარდა.
37 მათგანი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.
ავტორი: თეა შონია











