პარტია „ახალი საქართველოს“ დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებას პასუხობს. საუბარია სამადაშვილის იმ განცხადებაზე, რომელშიც დეპუტატი აცხადებს, რომ „ვაშაძის ხელშემწყობი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია“.
როგორც ვაშაძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ განაცხადა, ასეთი ტიპის განცხადებები „ქართული ოცნებაზე“ დადებითად მუშაობს.
„სანამ ემოციურ განცხადებებს გავაკეთებთ, ერთი რამე უნდა ვიცოდეთ – ოპოზიციონერ პირებზე შეტევა ზუსტად „ქართული ცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ მუშაობს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ოპოზიცია ერთმანეთის წინააღმდეგ არ იბრძოდეს. რაც შეეხება შინაარსს, ეს ყვითელ პრესაშიც იმდენჯერ დაიწერა, რომ უშინაარსო გახდა თავიდან ბოლომდე ეს საკითხი, ეს ხომ უკვე სასაცილო თემა გახდა, არასერიოზულია“,- განაცხადა ვაშაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. ახალ გააერთიანებს ოპოზიციის ნაწილმა უნდობლობა გამოუცხადა.










