ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვმა 85%-ს გადააჭარბა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში სიმშვიდეა.
„დღევანდელი მონაცემებით კოვიდ ცენტრებში სულ მკურნალობს 120 ადამიანი. გამოჯანმრთელებულების რიცხვმა უკვე 85%-ს გადააჭარბა.
ორი ახალი შემთხვევიდან, ორივე შემოტანილია და ისინი არიან სატვირთო ავტომანქანის მძღოლები.
ჩვენთან გუშინ მოთავსდა მხოლოდ ერთი პაციენტი, ასევე ეს არის აზერბაიჯანიდან შემოსული მოქალაქე, ასევე სატვირთოს მძღოლი.
ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში 24 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. მათი ზოგადი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსისგან დაინფიცირებულია 926 ადამიანი, ხოლო გამოჯანრმთელებული 791.











