ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია გია გაჩეჩილაძის მიერ ორგანიზებულ აქცია-მსვლელობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„უნდა შევეჩვიოთ, რომ განსხვავებები ჩვენ საზოგადოებაში სულ იქნება. განსხვავებული დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ, თავისუფლების მიმართ, რეფორმების თუ სტატუს კვოს შენარჩუნების მიმართ. ეს განსხვავებები აქციებშიც გამოიხატოს, რა პრობლემაა? გამორიცხულია ყველა ერთ აზრზე ვიყოთ.
ანუ მე, როგორც პოლიტიკოსს, როცა მაქვს ამბიცია, რომ მმართველობის მანდატი მივიღო, არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ, რომ შევცვალო ხალხის წარმოდგენები, ყველა ისეთი გახდეს და ისე იფიქროს, როგორც მე ვიფიქრებ ან უმრავლესობა, მმართველი გუნდი იფიქრებს.
პოლიტიკური ამოცანა არის სხვა. ეს განსხვავებები არ გადაიზარდოს ძალადობრივ კონფლიკტში, უმრავლესობამ არ დაჩაგროს უმცირესობა, დადგინდეს თამაშის წესები, რომ არავის სანაგვეზე გადაგდება, არავის მიტინგის ალაგმვა, არავის ცემა თუნდაც ყველაზე გულწრფელი აღშფოთების გამო, არავის ციხეში ჩასმა უკანონოდ.
ახლანდელი ხელისუფლების პრობლემა არის იმაში, რომ განსხვავებებით სარგებლობს პარტიული მიზნებისთვის, ძალადობის უფლებას ანიჭებს თავისიანებს და კანონი არ აინტერესებს. გადაწყვიტა სულ უმრავლესობაში იყოს და თავის ჭკუაზე გვატაროს”, – წერს ხოშტარია.
ცნობისთვის, 9 აპრილს გია გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის” ორგანიზებით თბილისში “ევროპის მოედანზე” აქცია გაიმართა.











