„რუსეთის პოზიციაში სიახლე არაა და ჰააგის სასამართლოში გამარჯვებული საქართველო იქნება“, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსს, ბექა ძამაშვილმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადა.
“2008 წლის ომის თაობაზე რუსეთის პოზიციაში არავითარი სიახლე არ არის. ჩვენ ვთანამშრომლობთ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებთან, რომ მივიღოთ ამ სასამართლოების სამართლებრივი და ავტორიტეტული შეფასება ომის თაობაზე, რაც საბოლოოდ დაუსვამს წერტილს სხვადასხვა ვერსიების არსებობას. დარწმუნებულები ვართ, რომ სტრასბურგშიც და ჰააგაშიც გამარჯვებული საქართველო იქნება, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა,”- ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა “პრაიმტაიმთან” განაცხადა.
მისი თქმით, ეს სიმართლე გამაგრებულია მყარი მტკიცებულებებით, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ მოიძია და აქტიურად გამოიყენა, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში.
“კერძოდ, საერთაშორისო სასამართლოებში წარვადგინეთ 700-მდე მყარი მტკიცებულება და დოკუმენტი (მათ შორის, ვიდეო და ფოტო მასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერს ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები და სხვ.) სამართლებრივ ანალიზთან ერთად. ეს მტკიცებულებები ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო და მისი მოსახლეობა. მრავლისმეტყველია ის გარემოება, რომ ამ პროცესებში საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სასამართლოებთან, ხოლო რუსეთმა ხელმოწერაც კი გაითხოვა ჰააგის სასამართლოდან. ეს არის მკაფიო გამოხატულება თუ ვის სურს სიმართლის დადგენა და ვის მხარესაა ეს სიმართლე”- აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ხელმოწერის გახმობას წინ უძღოდა საქართველოს წარმატება ჰააგის სასამართლოს წინაშე, რომლის 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებაში გამოძიების ნებართვის შესახებ მკაფიოდ წერია, რომ:
1) ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია;
2) 2008 წელს იყო საერთაშორისო კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის;
3) რუსეთი ახორციელებდა კონტროლს სეპარატისტებზე ცხინვალის რეგიონში.
“ ახლა რუსეთის მხრიდან ამ საკითხის კიდევ ერთხელ გააქტიურება მიუთითებს მხოლოდ ერთ გარემოებაზე, რომ საქართველო წარმატებით აგრძელებს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვას და რუსეთი მხოლოდ შიდა გამოძიებით ცდილობს ამ ყველაფრის დაბალანსებას, როგორც მინიმუმ, საკუთარი შიდა აუდიტორიის თვალში. შესაბამისად, ყველა ქართველ სამხედროს და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ჩვენი სახელმწიფო გააგრძელებს მათი ინტერესების საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით დაცვას და დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ქართველების ეთნიკური წმენდა და მათ წინააღმდეგ სხვა დანაშაულები ჩაიდინა.”- აცხადებს ბექა ძამაშვილი.










