კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგებს ტრიუმფად აფასებს. ინფორმაციას Themoscowtimes-ი ავრცელებს.
„კრემლი შედეგებს ტრიუმფად აფასებს. ფაქტობრივად, ჩატარდა ტრიუმფალური რეფერენდუმი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ ნდობის საკითხზე”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ პირველადი მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ამომრჩევლების 77,93% პროცენტი უჭერს მხარს, 21,26 % კი – წინააღმდეგია.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით, რუსეთის პრეზიდენტი მიმდინარე წლის იანვარში გამოვიდა.
ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების შეტანა ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტობის ვადების განულების შესაძლებლობას მისცემს. ამგვარად, ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას 2036 წლამდე შეძლებს.










