აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე ახალგაზრდული ორგანიზაცია „იმოქმედეს“ წევრებმა საპნის ბუშტების აქცია პერფორმანსი მოაწყეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამ ფორმით ისინი აპროტესტებენ ბოლო დღეებში მათი აქტივისტების დაპატიმრებებს.
„რამდენიმე დღის წინ ბუშტების გაშვების გამო ჩვენი აქტივისტები დააკავეს და შემდეგ ასეთი განცხადება მოვისმინეთ ბატონი თორნიკე რიჟვაძისგან, რომ იმიტომ დავხეთქეთ ბუშტები, იმიტომ დავაკავეთ აქტივისტები, რომ ბუშტების გაბერვა ხელს უწყობს კორონავირუსის გავრცელებას, რაც ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი აზრით, ალბათ ყველა საღად მოაზროვნე დამეთანხმება, რომ არის აბსურდი.
ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ ეს აქცია-პერფორმანსი. მე შევასრულე თორნიკე რიჟვაძის როლი და ვხეთქავდი ბუშტებს“,- განაცხადა „იმოქმედეს“ ერთ-ერთმა წევრმა ლევან გორგილაძემ.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან ჰელიუმის ბუშტების გაშვებას რამდენჯერმე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რის შედეგადაც აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











