„ნაზი ჯანეზაშვილი და დიმიტრი გვრიტიშვილი ერთნაირად რომ უტევენ ანა დოლიძეს, ჩემთვის გულდასაწყვეტია“, – ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ცოტა ხნის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმის წარდგენისას განაცხადა
„მე იურისტი არ ვარ, იურიდიულ დეტალებზე ნუ მეკითხებით, მე შემიძლია ემოცია გითხრათ ჩემი. ნაზი ჯანეზაშვილი და გვრიტიშვილი ერთნაირად რომ ლაპარაკობენ და ერთნაირად უტევენ ანა დოლიძეს, ეს ჩემთვის გულდასაწყვეტი და დაუჯერებელიც კი არის ნამდვილად“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არასამთვარობო ორგანიზაციები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის მიერ სამოქალაქო მოძრაობა ხალხისთვის დაფუძნებას ეხმიანებიან და ამბობენ, ეს მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან შეუთავსებელია.
ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და დოლიძეს მოუწოდებს, რომ თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ თავად და დროულად მიიღოს.











