გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ რუსულ საქმეს საქართველოში და რომლებიც შემჩნეული არიან ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ნინო ბურჯანაძე აპროტესტებდა პოზნერის ვიზიტს საქართველოში, ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი და ა.შ. ესენი არიან ადამიანები,სხედან „ნაცმოძრაობის“ ოფისში. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ გაკეთებული ბევრად უფრო მძიმე განცხადებები, ვიდრე იყო პოზნერის განცხადება, რომელსაც გუშინ ცუდი საქმის მკეთებელი ადამიანების კასტა აფრიალებდა. ყველაფერი დღესავით ნათელია, ეს ადამიანები აკეთებენ რუსულ საქმეს და ისინი „აპროტესტებდნენ“ გუშინ რუსეთის მოქალაქის ვიზიტს საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსი ჟურნალისტი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. დაბადების დღის ვახშამი ჩაიშალა და მან დღეს დილით საქართველო დატოვა.
პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.











