ყველა აბიტურიენტი, რომელსაც გამოცდაზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, ან დაუფიქსირდებათ და გადამოწმების შემდეგ კოვიდ ინფექცია არ დაუდასტურდებათ, გამოცდებს მაინც ჩააბარებენ. ამის შესახებ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაშია ნათქვამი, რომელშიც ცვლილებები შევიდა.
როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, ეს აბიტურიენტები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია.
“2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზნებისათვის, ცენტრი უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების მონაწილეობას შესაბამის გამოცდაზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციების („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) შესაბამისად არ დაიშვნენ გამოცდაზე და რომელთაც პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეთოდით ტესტირების შედეგად არ დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსი”,- წერია დოკუმენტში.
ნახეთ, დეტალურად – რა წესების და რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს
ასევე, გამოცდების განრიგი სრულად.
გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ცენტრების მისამართებსა და მისასვლელ მარშრუტებს აქვეყნებს.











