ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებისა და დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ პირველად საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიმდინარე მოვლენებზე ალაპარაკდა.
მისი თქმით, ის რასიზმის წინააღმდეგია, თუმცა კოლონიური ხანის ადამიანების ძეგლების ჩამოგდებას მხარს არ უჭერს.
ამის შესახებ France24-ი იუწყება.
„საფრანგეთის რესპუბლიკა საკუთარი ისტორიიდან არანაირ კვალს და სახელს არ წაშლის. საფრანგეთი თავის ძეგლებს არ ჩამოაგდებს. ჩვენ ჩვენს ისტორიას ერთად უნდა შევხედოთ, განსაკუთრებით აფრიკასთან მიმართებაში, იმისათვის, რომ სიმართლე ვიპოვოთ და არა იმისთვის, რომ უარი ვთქვათ იმაზე, რაც ვართ.
აუცილებელია რესპუბლიკური პატრიოტიზმის ირგვლივ გაერთიანება . ჩვენ ვართ ერი სადაც ყველას, მიუხედავად მათი წარმომავლობისა და რელიგიისა, საკუთარი ადგილის პოვნა შეუძლია“,- განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის ქმედებას შეწირული ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აშშ-ში საპროტესტო ტალღა და არეულობა მოჰყვა. საპროტესტო ტალღამ მალევე გადაინაცვლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში.
ასევე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბევრი კოლონიური ხანის ადამიანის ძეგლი ჩამოაგდეს.











