მასწავლებლის სახლი, რომელიც მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლადაა შექმნილი, მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადაეცემა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.
როგორც შაშკინმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება განათლების სისტემას მიზანმიმართულად ანადგურებს.
„2 დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ბოლო გადარჩენილი ცენტრი – მასწავლებლის სახლი უნდა გადასცენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ეს ცენტრი 2011 წელს აშენდა. მისი მუშაობის გასაცნობად დელეგაციები საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ. აქ კონცენტრირებული იყო საუკეთესო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები, ყველანაირი რესურსი იყო რათა პედაგოგებს კვალიფიკაცია აემაღლებინათ. იგეგმებოდა მსგავსი ცენტრების სხვადსხვა რეგიონებში აშენებაც, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პროექტი 2012 წელს შეაჩერა“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
„პრაიმტიამმა“ გაარკვია, რომ მასწავლებლის სახლი ლოკაციას იცვლის. საუბარია თბილისში, გმირი კურსანტების ქუჩა N4-ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე, რომელიც ამჟამად მასწავლებლის სახლს ეკუთვნის.
მასწავლებლის სახლი, გლდანში, შსს-ს აკადემიასთან მდებარეობს და ტერიტორიაზე ძირითადად ძალოვანი უწყების შენობებია განთავსებული.
მასწავლებლის სახლის მისამართის შეცვლის თაობაზე, ცენტრის დირექტორს ბერიკა შუკაკიძეს, სუს-მა წერილობით 11 ივნისს მიმართა. თუმცა, ამ გადაწყვეტილების შესახებ მასწავლებლის სახლს წინასწარ ინფორმაცია არ ჰქონდა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის რამდენიმე ლოკაცია განიხილება, ხოლო ცენტრმა არსებული 8-სართულიანი შენობა თვის ბოლომდე უნდა დაცალოს.











