“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიამ ექსპერტთა ნაწილს განცდა გაუჩინა, რომ დიდი ალბათობით, რამდენიმე ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6-ში მოიგებს, ხოლო ორ ოლქში, შესაძლოა, მეორე ტურის გამართვის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგეს. ამის შესახებ ძაბირაძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ განაცხადა.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ვაკესა და გლდანში „ქართული ოცნების“ კანდიდატები, შესაძლოა, ოპოზიციიდან რეიტინგულმა კანდიდატებმა ელენე ხოშტარიამ და ნიკა მელიამ დაამარცხონ.
„დარწმუნებული ვარ, რომ მმართველი პარტია 6 საარჩევნო ოლქს მოიგებს, რადგან ოპოზიციიდან მათი საპირწონე არ არიან ისეთი ფიგურები, რომლებიც “ოცნების კანდიდატებს დაამარცხებენ. რაც შეეხება ვაკესა და გლდანს, მგონია, რომ ვაკეში ელენე ხოშტარიას უკეთესი პოზიციები აქვს, ვიდრე ნოდარ ტურძელაძეს. ასევე უნდა ითქვას, რომ გლდანში ნიკა მელიასა და ლევან კობიაშვილს შორის გამარჯვების შანსი 50-50-ზეა. ასე, რომ ვაკესა და გლდანში, დიდი ალბათობით, მეორე ტური გაიმართება“,- განაცხადა ძაბირაძემ.
ძაბირაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატებად ძველი სახეები იმიტომ წარადგინა, რომ პარტიას ახალი სახეების წინა პლანზე წამოწევის რესურსი არ გააჩნია.
„მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ასეთი სია იქნებოდა წარმოდგენილი. მმართველ პარტიას სხვა რესურსი არ აქვს – ის მუდმივად საზოგადოების ერთი და იმავე ნაწილზე მუშაობს. რამდენად მოუტანენ ეს კანდიდატები „ქართულ ოცნებას“ წარმატებას, ეს მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ოპოზიციაზე და არა მმართველ პარტიაზე.
დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ არც ერთი კანდიდატი არ იქნება ისეთი, რომ მაჟორიტარად გახდომის შემდეგ, რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღოს. ზოგადად, მაჟორიტარული სისტემიდან წამოსული დეპუტატები პარტიულ სტრუქტურებს ემორჩილებიან, რაც მათ მუშაობაზე უარყოფითად აისახება“,- განაცხადა ძაბირაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 30 მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











