„ეკლესიას თუ ასე დავუპირისპირდებით ვერაფერს ავაშენებთ, შეცდომები ყველას გვაქვს და გამოვასწოროთ”, – ამის შესახებ მეუფე მიქაელმა მეუფე ანტონსა და „მთავარი არხის” ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
მეუფე მიქაელის თქმით, ჟურნალისტები სასულიერო პირებთან სამეგობროდ და საახლობლოდ უნდა მიდიოდნენ და არა მათი მდგომარეობიდან გამოსაყვანად.
„ჩემს მდგომარეობიდან გამოსაყვანად კი არ უნდა მოხვიდეთ, არამედ ჩემთან სამეგობროდ და საახლობლოდ. თუ გამომიყვან მდგომარეობიდან, შეიძლება გაგიკვირდეთ, მეც, როგორც ადამიანმა ისეთი რაღაც ჩავიდინო. შეიძლება რაც თქვენ არ გინდოდეთ, იმ საკითხზეც ვისაუბროთ, მაგრამ მშვიდად. მე თქვენს საქმეებში არ ვერევი, ნერვებს არ გიშლით და თქვენ კიდეც რომ არასწორად მოიქცეთ, ვეცდები, ხელი შეგიწყოთ და კარგად მოგექცეთ. თუ ჩვენ სამშობლოს აშენება გვინდა, ეკლესიას თუ ასე დავუპირისპირდებით და ქვეყანას, თქვენ მე და მე თქვენ, მერწმუნეთ, ვერაფერს ავაშენებთ, ჩვენი ხელით დავანგრევთ ყველაფერს. შეცდომები ყველას გვაქვს და გამოვასწოროთ, წავიდეთ ნათლისკენ“, – აღნიშნა მეუფე მიქაელმა.











