ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ბრალდებულების ადვოკატს მიმართავს.
როგორც მირიან ნიკოლაძე ამბობს, მსგავსი საქმეები სტრასბურგის სასამართლოში არ საჩივრდება.
„უნდა იცოდე, სტრასბურგში რას ასაჩივრებ და ზოგადი წარმოდგენა არ უნდა გქონდეს, რომ ასეთ საქმეს სტრასბურგში გაასაჩივრებ. სტრასბურგი მტყუან-მართალს არ იხილავს, ის განიხილავს ადამიანის უფლებათა კონვენციით განსაზღვრული უფლებების დარღვევას.
სამართლებრივად, ასეთ საქმეებს, სტრასბურგი საერთოდ არ იღებს წარმოებაში. სრული ზღაპარი და ბლეფია იმაზე საუბარი, რომ მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგი არაა ჩვენი სასამართლოს მეოთხე ინსტანცია. ეს ჩემი ციტატა არაა, ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც ასეა მითითებული“ – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე ბიძინა სტურუამ განაჩენი რამდენიმე წუთს წინ გამოაცხადა. არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ორი ბრალდებული არასრულწლოვნის მიმართ კი განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.
ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ საქმეს ყველა კანონიერი გზით გაასაჩივრებენ.
ვიდეო: ბრალდებულები ციხეში გადაიყვანეს – მათ სასამართლო მუქარით და გინებით დატოვეს











