საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას მიესალმება.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შვებით მიესალმება ბატონი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, რაც მოხდა ამ პოზიტიური შედეგის მისაღწევად ერთწლიანი უწყვეტი ძალისხმევის შემდეგ, მათ შორის ცხელი ხაზის და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ერგნეთის ფორმატში ფართო დისკუსიების გზით“, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზაზა გახელაძე უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მას ერგნეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი დახვდნენ.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.











