საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია კიდევ ერთხელ ეხმაურება ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცებას და იმ ღონისძიებებზე საუბრობს, რასაც გატაცებულის გათავისუფლებისთვის საქართველოს საგარეო უწყება დგამს.
„მოგეხსენებათ ბოლო ინციდენტის შემდგომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ გააკეთა შესაბამისი განცხადება, რასაც მოყვა ჩვენი პარტნიორების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა და სხვადასხვა დონეზე მხარდაჭერების გამოხატვა.
მოგეხსენებათ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სხვა პარტნიორებმა გააკეთეს მხარდამჭერი განცხადებები, რისთვისაც ჩვენ ძალიან დიდ მადლობას ვუხდით. ასევე იგივე ბატონი დავით ზალკაიანის ბრიუსელში ვიზიტისას პარტნიორმა ქვეყნებმა გამოხატეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა.
ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნული საკითხების განხილვას საერთაშორისო ფორუმებზე, დღეს იქნება მაგალითად ეუთოს მუდმივ საბჭოზე დაკავებების საკითხის განხილვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები პირი.
სუს-ის ინფორმაციით, უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.











