„მოქალაქეების“ ერთ-ერთი წევრი, ლევან იოსელიანი IRI-ის კვლევას ეხმაურება. როგორც იოსელიანი ამბობს, მოსახლეობა მხარს არ უჭერს პარლამენტის ბოიკოტს და ამას კვლევა არ სჭირდება.
„არავის აღარ უნდა და დაიღალნენ განუწყვეტელი დაპირისპირებით, პოლიტიკური პარტიების ერთმანეთთან ჭიდაობით. ხალხს უნდა, რომ მათ წუხილებზე დავიწყოთ საუბარი. ეს არის პენსიონერების, ვეტერანების პრობლემები, უამრავი საკითხი, რაც დაკავშირებულია დასაქმებასთან, ეკონომიკის ჩავარდნასთან. კვლევამ დაადასტურა, რომ მოქალაქეებს პოლიტიკური კრიზისის დასრულება უნდათ“, – განაცხადა იოსელიანმა
მისივე თქმით, მხოლოდ პარტია „მოქალაქეებმა“ ეჩვენა 100-პროცენტიანი ზრდა.
„ეს ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილებების სისწორეს, რომ პარლამენტში შემოვედით. ეს კვლევა ჩატარებულია ჩვენ მიმართ ნეგატიური კამპანიის წარმოების პიკზე, დაახლოებით თვენახევრის წინ. ახლა რომ ჩატარებულიყო, ეს ციფრები ვფიქრობ, კიდევ მეტი იქნებოდა.
ეს კვლევა გზავნილია იმ პარტიებისთვის, ვინც ამ პოლიტიკურ კრიზისში ცალსახად ერთი დიდი პოლიტიკური პარტიის ორბიტის გარშემოა. კვლევა აჩვენებს, რომ საკმაოდ გაზრდილია მათი წილი, ვინც ახალ პარტიებს ეძებს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. ხედავენ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები ამ განაცხადით მოვიდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე აღმოჩნდნენ. მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემენ ხმას, რაღა სხვა პარტიას მისცენ“, – განაცხადა იოსელიანმა.









