“ცესკოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატებთან დაკავშირებით თავიდანვე გამოვთქვით პოზიცია, რომ კანდიდატი უნდა ყოფილიყო საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირი, მის გარშემო შესაძლებელი უნდა იყოს როგორც პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია, ასევე საზოგადოებრივი კონსოლიდაცია. ორივე კანდიდატი შემოთავაზებულია სისტემის მიერ და მათ ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებათ”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებამდე განაცხადა.
“რაც შეეხებათ წევრობის კანდიდატებს, მათ არ ვიცნობ, მაგრამ ორ კანდიდატს აქვს არასამთავრობო სექტორის დადებითი დახასიათება, მოვედი, რომ დავუსვა კითხვები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, ვის დავუჭერ მხარს და ვის არა”, – განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარის და ორი ე.წ. პროფესიონალი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების მოსმენას იწყებს. პროცესი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იწყება.









