“მოვიდნენ და მე მათთან ერთად დავჯდები საგამოძიებო კომისიაში და მათთან ერთად ვიბრძოლებ ამ მტკიცებულებებით”, – ასე მიმართა ოპოზიციას პარტია “მოქალაქეების” წევრმა, დეპუტატმა ლევან იოსელინმა ოპოზიციას.
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა საგამოძიებო კომისიამ დაადგინოს სიმართლე, თუ რა მოხდა 31 ოქტომბერს.
“ჩვენ არ გვყოლია დამკვირვებლები, გარდა საბურთალოსი, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია, მტკიცებულებები მთელი საქართველოს მასშტაბით, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა. ეს ყველაფერი ჰქონდათ “ნაციონალურ მოძრაობას”, “ევროპულ საქართველოს” და “პატრიოტთა ალიანსს”, ვისაც ჰყავდა ათი ათასზე მეტი წარმომადგენელი მთელს საქართველოში, ჰყავდათ კომისიის წევრები და მათ უნდა იტვირთონ ეს, რომ დაამტკიცონ გაყალბების მასშტაბიც და წარადგინონ მტკიცებულებებიც. როგორც აცხადებენ, მათ ეს მტკიცებულებები გააჩნიათ. მე ვთავაზობ, რომ მოვიდნენ და მე მათთან ერთად დავჯდები ამ საგამოძიებო კომისიაში და მათთან ერთად ვიბრძოლებ ამ მტკიცებულებებით, რომელზეც ამბობენ, რომ სასამართლოში წარადგინეს და არ მიიღო სასამართლომ, ეს მტკიცებულებები წარმოადგინოს კომისიაში მაშინ, მეც მათთან ერთად დავიცავ იმ მტკიცებულებებს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისიამ დაადგინოს სიმართლე, რა მოხდა 31 ოქტომბერს,” – განაცხადა ლევან იოსელიანმა.










