მოვუწოდებთ პარლამენტის ხელმძღვანელობას, უზრუნველყონ ჟურნალისტების ყოფნა სხდომაზე, სადაც იქნება გომელაურის მოსმენა – ჯაფარიძე
“მოვუწოდებთ პარლამენტის ხელმძღვანელობას, უზრუნველყონ ჟურნალისტების დასწრება და მათთვის განკუთვნილ ადგილზე ყოფნა სხდომაზე, სადაც იქნება გომელაურის მოსმენა, ჩვენ, ოპოზიციას გვაქვს უამრავი შეკითხვა გომელაურთან, მის პასუხისმგებლობასთან იმაზე, რაც 5-6 ივლისს ვიხილეთ- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
„ჩვენ, ოპოზიციას გვაქვს უამრავი შეკითხვა გომელაურთან, მის პასუხისმგებლობასთან იმაზე, რაც 5-6 ივლისს ვიხილეთ. აუცილებელია, რომ ამ სხდომას დაესწრონ ორგანიზებულად ჟურნალისტებიც და თავიდან უნდა ავირიდოთ ის, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო სასესიო სხდომის დაწყებამდე, როცა იყო ქაოსი, შეხლა – შემოხლა და ჟურნალისტებს არ მიეცათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ სასესიო სხდომას.
ამჯერად ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის ხელმძღვანელობას, უზრუნველყონ ჟურნალისტების დასწრება ამ სხდომაზე, მათთვის განკუთვნილ ადგილზე ყოფნა, ეს უნდა მოხდეს ორგანიზებულად, რომ თავიდან ავირიდოთ ის არასასიამოვნო შეხლა- შემოხლა, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო სხდომის წინ. მე მივმართავ განცხადებით ამასთან დაკავშირებით პარლამენტის აპარატს, რომ ეს იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.










