BioNTech-ის თანადამფუძნებლის, უგურ საჰინის თქმით, Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა ეპიდვითარებაზე ძლიერ ზეგავლენას ზაფხულის განმავლობაში მოახდენს, მომავალი ზამთრისთვის კი მსოფლიოში ცხოვრება ჩვეულ რითმს დაუბრუნდება. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც საჰინი აღნიშნავს, ეს ზამთარი მაინც რთული იქნება, რადგან ვაქცინა ინფექციის შემთხვევების მატებაზე დიდ გავლენას ვერ იქონიებს. თუმცა, სამომავლოდ ვაქცინა ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გავრცელებას შეამცირებს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემას ვაქცინა 90%-ით თუ არა 50%-ით მაინც შეამცირებს. აღნიშნული მაჩვენებელი კი ვირუსის გავრცელების შემცირებას საგრძნობლად შეუწყობს ხელს.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ვაქცინის პირველი დოზა 2020 წლის ბოლოსა და 2021 წლის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი. მთავარი მიზანია, რომ მომავალი წლის აპრილისთვის ვაქცინის 300 მილიონი დოზა არსებობდეს, რათა პანდემიის შეჩერებაზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეძლოს.
ზაფხული დაგვეხმარება, რადგან წელიწადის ამ დროს ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის მაღალ დონეს მომავალი წლის შემოდგომა/ზამთრისთვის მივაღწიოთ“, – განაცხადა საჰინმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ფარმაცევტული კომპანია, Pfizer-ისა და მისი გერმანელი პარტნიორის ბიოტექნოლოგიების კომპანია – BioNTech-ის წარმომადგენლების განცხადებით, მესამე ფაზის მიმდინარეობისას ჩატარებული კვლევის პირველადმა შედეგებმა აჩვენა, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა 90%-ით ეფექტურია.











