“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიცია კომპრომისისთვის მზადაა, თუმცა ხელისუფლებისგანაც სათანადო ნაბიჯების გადმოდგმას ელოდება.
„დაველოდოთ დოკუმენტს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში გასაჯაროვდება. ბატონმა დანიელსონმა იცის მხარეების პოზიციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, რომ შუალედური, შემხვედრი ვარიანტი იქნება. საკითხებს რაც შეეხება, ხუთივე იქნება შემოთავაზებული, ხუთივე საკითხზე იქნება მსჯელობა. ველოდებით ამ დოკუმენტს, ჩვენი მხრივ, მზად ვართ გონივრული კომპრომისისთვის და ასევე, ხელისუფლებისგანაც ველოდებით იმავეს.
წინა ეტაპებზე ვნახეთ, რომ „ქართული ოცნება“ არ წამოვიდა შედარებით იოლ საკითხებზეც კი, რაც იყო სასამართლო, საარჩევნო საკითხები, იქაც კი, რაზეც იყო ოპოზიციის თანხმობა, ამაზეც არ წამოვიდა. ამიტომ დაველოდოთ დღევანდელ დღეს და დოკუმენტიდან და შეთავაზებიდან ვიმსჯელებთ, ვინ რაზე არის წამსვლელი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
დღეს კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში შეხვდება, სადაც საბოლოო დოკუმენტს ელოდებიან, რომელსაც კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკების მაგიდაზე დადებს.











