რუსი ოპოზიციონერი და კრემლის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი რუსეთისგან იმ ტანსაცმლის გადაცემას მოითხოვს, რომელიც კომაში ჩავარდნამდე ეცვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ნავალნის თქმით, სანამ მას გერმანიის საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, სასწრაფოდ გახადეს ტანსაცმელი და სრულიად შიშველი გაგზავნეს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩემს სხეულზე „ნოვიჩოკი“ აღმოაჩინეს, ჩემი ტანსაცმელი ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, ვითხოვ, ტანსაცმელი ფრთხილად ჩადონ პოლიეთილენის პარკში და დამიბრუნონ“,-აცხადებს ნავალნი.
RIA-ს ინფორმაციით, ნავალნის ტანსაცმელი გამომძიებლებმა ომსკის საავადმყოფოდან წაიღეს.
შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს.
22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.
2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტითაა მოწამლული.
მოგვიანებით, ნავალნის გუნდმა სოციალური ქსელ Instagram-ზე განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, ალექსეი ციმბირის ქალაქ ტომსკის სასტუმროს ოთახში მოწამლეს და არა აეროპორტში.











