საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ანტიოქიის პატრიარქისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან შეხვედრას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს შესაბამისი რეაგირება ექნება.
“რა თქმა უნდა ეს არის ნეგატიური მოვლენა, უცნაური ფაქტია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება, თუმცა მანამდე საჭიროა გარკვეული კომუნიკაცია, დაზუსტება დეტალების, ამიტომ უნდა დაველოდოთ ჩვენს საგარეო ურთიერთობათა განყოფილებას, ჯერჯერობით კომუნიკაცია არ გვქონია, ალბათ, დღის განმავლობაში რაღაცა ფორმას შეიძენს”. – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.











