საქართველოს სახალხო დამცველმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელია მოინახულა.
„მის მიმართ ძალის გამოყენებას, ფიზიკური ძალის გამოყენებას ან შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ასევე ფიქრობს რომ დამაკმაყოფილებელია ციხეში არსებული პირობები ამ დროისთვის და თავს გრძნობს მხნედ და ჰქონდა სურვილი საჯაროდ მეთქვა, რომ ის საკმაოდ ოპტიმისტურ განწყობაზეა. ერთადერთი მოთხოვნა აქვს, რომ საკანში არაა ტელევიზორი, ჩვენ ვესაუბრეთ ციხის ხელმძღვანელობას და იმედი მაქვს, ეს ლოჯისტიკური საკითხი დროულად მოგვარდება და მიეცემა საშუალება რომ დროულად გაეცნოს მიმდინარე მოვლენებს,”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
მხარდამჭერებმა მელიას დაკავება გააპროტესტეს და პარლამენტთან აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორებმა მასშტაბური აქცია 26 თებერვალს დააანონსეს.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.











