“იმ რეალობაში, რომელშიც ვართ, რამდენიმე გზა არსებობს, პირველი იყო გირაოს გადახდა, რაც მართლა ამორალურია და ჩემი აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ამ საკითხში ნიკა მელიას, მეორე საკითხი არის ამნისტია, რომელიც მოცემულ სიტუაციაში მეტ-ნაკლებად მისაღებია, მაგრამ ნიკა მელიასთვის შეიძლება მიუღებელიც იყოს, ამას ამ ეტაპზე ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს”, – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“კიდევ არსებობს ერთი საშუალება, რომ გამოვიყვანოთ 50 ათასი კაცი და ხელისუფლება შევცვალოთ, რისი ალბათობაც ამ ეტაპზე ძალიან დაბალია, რადგან ვიცით, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების დროს პარტიული აქტივის გარდა, არავინ გამოსულა და მეოთხე არის აბსურდული, ბიძინა ივანიშვილს გაეხსნას გონება და უარი თქვას პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე.
მოცემულ სიტუაციაში, ამ 4 ჩამოთვლილი ვარიანტიდან ყველაზე რეალისტური არის ამნისტია. ამ ამნისტიის აქტზე პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციას, ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლიათ უმწიკვლოდ გამოვიდენ ამ პროცესიდან, მაგრამ ამისთვის საჭიროა ერთი რამ, ნუ გვლანძღავენ და ამ პროცესში ხელს ნუ შეგვიშლიან“,-განაცხადა მანჯგალაძემ.









