ნოდარ და ლევან შუკაკიძეების ადვოკატები, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის ოფისის დაწვის ფაქტს გამოეხმაურნენ. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ნიკა მელიას განცხადება უსაფუძვლოა და მას არანაირი მტკიცებლება არ აქვს.
„ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს მომხდარ ფაქტთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნიათ, ეს არის ცრუ ბრალდება. მოგეხსენებათ, რომ ყველა ბრალდებას სჭირდება მტკიცებულება, მათ არც ერთი მტკიცებულება არ გააჩნიათ ამ ყველაფრს დასადასტურებლად. ბატონმა მელიამ ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე ბრალი დასდო ძმებ შუკაკიძეებს, ასევე ბატონ კალაძეს და კობიაშვილს, რომ მათ გადაწვეს ოფისი. ჩვენ არ ვართ ვალდებულები ვამტკიცოთ უდანაშაულობა. ვფიქრობთ, რომ ბატონ მელიას მართებს ამტკიცოს ბრალეულობა. ჩვენ როგორც ვფლობთ ინფორმაციას, ძმები შუკაკიძეები არ არიან ჩართულები პოლიტიკურ საქმიანობაში“,- განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.
უფლებადამცველების თქმით, ლევან კობიაშვილს შესაძლოა, მხოლოდ ლევან შუკაკიძე იცნობდეს.
„გუშინ ბატონმა მელიამ დაადანაშაულა ბატონი კალაძე, ლევან კობიაშვილი, ძმები შუკაკიძეები და მოიხსენია უწესო ადამიანებად. ვითომ ნოდარ შუკაკიძე არის ე.წ. კანონიერი ქურდი, ორგანიზებას უწევს და მითითებას აძლევს ბატონ კალაძეს და კობიაშვილს. მელიამ მოსახლეობას უთხრა, თითქოს მათ კალაძემ, კობიაშვილმა და ძმებმა შუკაკიძეებმა დაუწვეს ოფისი. ასე სახალხოდ განაცხადა ყველანაირი მტკიცებულების გარეშე, რომ თურმე ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ნიკა მელიას ოფისის დაწვა. როდესაც პრეტენზია აქვს, რომ წესიერი საზოგადება უნდა ცხოვრობდეს საქარველოში და უნდა ტარდებოდეს წესიერი არჩევნები, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ცხრა წლიანი რეჟიმის დროს, ძალიან ბევრი ადამიანია განაწყენებული, არ არის გამორიცხული, რაც გუშინ გაჟღერდა, გვრჩება ის შთაბეჭდილება, რომ ან თავიანთი დაგეგმილია ან გამწარებულმა ადამიანმა გაბრაზების ნიადაგზე ჩაიდინა აღნიშნული. თუ ვინმეს რაიმე დოკუმენტაცია აქვს ან რაიმე მტკიცებულება, გამოძიებას უნდა მიაწოდოს. ნოდარ შუკაკიძე არ იცნობს არც კალაძეს და არც კობიაშვილს, ხოლო ლევან შუკაკიძე შეიძლება იცნობდეს ლევან კობიაშვილს. ციხიდან გაკეთდება ამონაწერი, ვისთან ჰქონდა კავშირი. თავის ძმასთან რომ ჰქონოდა კავშირი, ეს არ ნიშნავს, რომ ბატონმა შუკაკიძემ თავის ძმას დაავალა, მელიას ოფისი დაუწვიო. ეს არის ცრუ ბრალდება“,- განაცხადა ადვოკატმა ია გაბედავამ.
ცნობისთვის, 16 ნოემბერს გლდანში, ნიკა მელიას შტაბი დაიწვა. მოგვიანებით ნიკა მელიამ შტაბის დაწვაში ლევან და ნოდარ შუკაკიძე დაადანაშაულა.










