ჯანმო ქვეყნებს მოგზაურობისთვის ვაქცინაციის დოკუმენტის შემოღებას ამჟამად არ ურჩევს.
„ამჟამად ნუ შემოიღებთ ვაქცინაციის ან იმუნიტეტის მტკიცებულების მოთხოვნას საერთაშორისო მოგზაურობისთვის“, – აცხადებენ ჯანმო-ში.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ ვაქცინაციის დოკუმენტმა არ უნდა გაათავისუფლოს საერთაშორისო მოგზაურები სამოგზაურო რისკის შესამცირებელი სხვა ზომების მიღებისგან.
ჯანმო-ს წარმომადგენელმა, დიდერ ჰუსინმა, თქვა, რომ ამჟამად დიდი განსხვავებაა ქვეყნებს შორის ტესტირების, კარანტინის და სამოგზაურო შეზღუდვების მხრივ, რის შედეგადაც მსოფლიო ცოტათი დაბნეულია.
„ჯანმო-ს კომიტეტი ამბობს, რომ ეს არის „ამჟამად“. საკმარისი ვაქცინა არ არის და მეცნიერული მტკიცებულებებიც არასრულია. შესაბამისად, ეს ახლა არ უნდა გავაკეთოთ და არ უნდა შევქმნათ არასაჭირო შეზღუდვები მოგზაურობისთვის“, – განაცხადა ჯანმო-ს საგანგებო მდგომარეობის ექსპერტმა, მაიკ რაიანმა.











