ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მაშველი რგოლის ფუნქციას არ შეასრულებენ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრამდე თინა ბოკუჩავამ მედიასთან განმარტა, რომ ამ დოკუმენტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ოპოზიციური პარტიები კოალიციური მთავრობის შექმნას არ აპირებენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური და მორალური სიცხადე, რომელსაც გვაძლევს აღნიშნული შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერება ხელი სულ რამდენიმე წუთში, რომლითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ყველა ოპოზიციური პარტია, რომ არც ერთი ჩვენგანი არ შეუქმნის კოალიციურ მთავრობას ბიძინა ივანიშვილს და მის „ქართულ ოცნებას“ და არ შეასრულებს მისთვის მაშველი რგოლის ფუნქციას.
ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ამაზე არსებობს ყველაზე ფართო ოპოზიციური კონსენსუსი, რაც კი დღემდე ყოფილა. ოპოზიცია სრულიად დარწმუნებულია საკუთარ დამაჯერებელ გამარჯვებაში ხვალინდელ არჩევნებში და რც მთავარია, დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკეთესი საქართველოსთვის,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, იგი პირადად ესაუბრა ყველა ოპოზიციურ პარტიას და მათ დაადასტურეს, რომ ამ შეთანხმებას იზიარებენ.











