გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა „ოპოზიციური ერთობის სახალხო გენინსპექცია“ შექმნეს. პრეზენტაცია აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე გაიმართა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბონდო თედორაძე აცხადებს, ეს არის ერთადერთი გზა კანონიერად ებრძოლონ არაკანონიერი გადაწყვეტილებების შემსრულებელ პოლიციას.
მისივე განცხადებით, ოპოზიცია სამართალდამცავების მხრიდან კანონის დარღვევის კონკრეტული ფაქტების იდენტიფიცირებას მოახდენს და შესაბამის ფოტო-ვიდეო მასალას განათავსებენ სპეციალურად შექმნილ ფეისბუქგვერდზე, ასევე მასალას გადაგზავნიან პროკურატურაში.
„დღეს ხელისუფლება ხალხს არ ეკუთვნის. ხელისუფლება არის უზურპირებული კრიმინალური დაჯგუფებების მიერ, რომლის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშვილის მთავარი მისია არის ის, რომ როგორმე მოახდინოს ყველა საჯარო დაწესებულებისა და ყველა პატიოსანი ადამიანის დისკრედიტაცია, კრიმინალურ საქმიანობაში ჩართვა, მერე რომ ადვილი იყოს მათი მონურ მორჩილებაში ყოფნა.
სამწუხაროდ, დღეს ჯერი დადგა ქართულ პოლიციაზე, რომელიც უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანო, თუმცა ვხედავთ, ბოლო დღეების მანძილზე ბათუმში მიმდინარე 24-საათიან აქციებს თუ როგორ ძალის არაპროპორციული გამოყენებით არბევენ, აქციის მშვიდობიან მონაწლეებს ძალის გადამეტებით აკავებენ, რაც აშკარად გადადის უკვე მათი მხრიდან სამართალდარღვევაში. ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით შეიქმნა სახალხო გენინსპექცია.
ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანებულია როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე იურისტები, ადვოკატები, გავუწევთ მონიტორინგს ნებისმიერი ურთიერთობისას პოლიციის მიმართ ან პილიციისგან ჩვენს მიმართ.
მოხდება აღბეჭდვა ფოტო-ვიდეომასალის და თუ იქნება კონკრეტული ფაქტი პოლიციის მხრიდან სამართალდარღვევის, გადაცდომა, ძალის არაპროპორციული გამოყენება, ჩვენ განცხადებით მივმართავთ პროკურატურას.ფოტო- ვიდეო მტკიცებულებას სასამართლოში აქციის მონაწილეების დაკავების შემთხვევაში, შევიტანთ როგორც მტკიცებულებას.
ეს ერთგვარი პრევენციული ღონისძიებაა იმიტომ, რომ დღეს პოლიცია აშკარად ასრულებს უკვე ერთი კაცის მონურ მორჩილებაში ყოფნას, უკანონო დავალებების შესრულებას და პოლიცია არ უნდა იყოს მხოლოდ შენობების დამცველი ორგანო.
პოლიცია უნდა გვიცავდეს ჩვენ, აქციის მონაწილეებსაც, ასევე უნდა იცავდეს ჩვენს უფლებებსაც, მაგრამ ვხედავთ თუ როგორ იქცნენ ისინი ივანიშვილის ყარაულებად“,- განაცხადა ბონდო თედორაძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











