„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთარ კახიძემ ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლა. კახიძე ამბობს, რომ განსაზღვრულ ვადებში დარეგისტრირდა, თუმცა, დღეს განუცხადეს რომ რეგისტრაციის ველში არ იყო.
„ფაქტია, რომ მოგვატყუეს. გვითხრეს, რომ რეგისტრირებული ვიყავით. დღეს კი გვითხრეს, რომ არ ვართ რეგისტრირებული. როგორც ჩანს ამას ტყუილად არ აკეთებენ. ფაქტია, ხმები მოიპარეს,” – აცხადებს ოთარ კახიძე.
მისი თქმით, ხმის მიცემის შესაძლებლობა ანალოგიური მიზეზით არც მის მეუღლეს მიეცა.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
ავტორი: კესო მოლაშხია











