„მოსწონს ეს გიგა ბოკერიას თუ არა, პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტები” ვართ”,- ამის შესახებ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის” სიით შესულმა დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.
ინჯია „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებასაც გამოეხმაურა:
„სხვათა შორის, შევახსენებ მას, რომ ასეთი გადაწყვეტილებები წინა მოწვევის პარლამენტშიც მიიღო ოპოზიციამ, როდესაც „ნაცმოძრაობას” „ევროპული საქართველო“ გამოეყო და ახალი პარტია შექმნა. ის მოქმედება სამართლიანი იყო და ჩვენი უსამართლოა? ეს არის მისი მხრიდან ორმაგი სტანდარტით მიდგომა საკითხის მიმართ”,-განაცხადა ფრიდონ ინჯიამ, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსნებთ, „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრების პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ „ახლა პარლამენტი კიდევ უფრო ერთპარტიულია”.









