ტექსასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალი, ე.წ. ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ ვარიანტებში აღმოჩენილი მუტაციის მიმართ ეფექტურად მუშაობს. ამის შესახებ „როტერი“ წერს.
კვლევის თანახმად, ვაქცინა ვირუსის ე.წ. სპაიკ ცილის N501Y მუტაციის მიმართ ეფექტურია. მეცნიერთა ნაწილის აზრით, სწორედ აღნიშნული მუტაციაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ვირუსის ახალი ვარიანტები უფრო ადვილად და სწრაფად ვრცელდებიან. ლაბორატორიული კვლევა იმ ადამიანებიდან აღებული სისხლის ნიმუშებზე ჩატარდა, რომლებსაც აცრა გაუკეთეს.
კომპანია Pfizer-ის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერის, ფილ დორმიცერის განცხადებით ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდა როგორც აღნიშნული მუტაციის, ასევე სხვა 15 მუტაციის მიმართ, რომელზედაც ვაქცინის მოქმედება მანამდე გამოსცადეს. კვლევები სხვა მუტაციებზეც გაგრძელდება.











