პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ განცხადებას ავრცელებს.
მოძრაობა ხელისუფლებისგან ითხოვს დმანისში არსებულ დაპირისპირებაზე რეაგირება მოახდინოს.
„პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს, აღკვეთოს და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს დმანისში ორი დღის მანძილზე მიმდინარე ძალადობრივ დაპირისპირებაზე. სწრაფად გამოიძიოს 16 მაისის საღამოდან განვითარებული პროცესები, რათა თავიდან ავირიდოთ დაპირისპირების გამწვავება და არასწორი ინტერპრეტაცია.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს ადგილზე არაფერი მნიშვნელოვანი და საგანგაშო არ ხდება, კიდევ უფრო ახალისებს დაპირისპირებასა და ძალადობას, რაც ყოვლად დაუშვებელია“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ჩხუბი დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის, გუშინ, დაახლოებით ხუთ საათზე დაიწყო. დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი. რამდენიმე მოქალაქეს სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს – დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი.