ექს-პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებას, რომ „პოლიტიკიდან წასვლას“ არ აპირებს, ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე აფასებს.
„პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი ამბობს, რომ გახარიას პოლიტიკურ პარტიას წარმატების მეტი შანსი იმ შემთხვევაში ექნება, თუ შექმნის ტრიუმვირატს, გახარია-კვირიკაშვილი-კალაძის ალიანსის სახით.
„გიორგი გახარიას, რა თქმა უნდა, აქვს პოლიტიკური კაპიტალი და საკმაოდ მნიშვნელოვანიც. როცა გადადგა მაშინაც ვთქვი და ახლაც იგივე აზრზე ვარ, მას იმ სიძლიერის პოლიტიკური კაპიტალი არ აქვს, რომ დამოუკიდებლად შეძლოს დააფუძნოს სერიოზული და არა 1, ან 5%-იანი ბარიერის გადამლახავი პოლიტიკური პარტია. თუ საუბარია სერიოზულ პოლიტიკურ გაერთიანებაზე, პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც მესამე ცენტრად შეიძლება იყოს მოაზრებული, ამის რესურსი არ აქვს, არც იმ შემთხვევაში, თუ რესურსებს მოიძიებს და ფინანსურად იქნება მოაზრებული. მხოლოდ ძლიერი პოლიტიკური კაპიტალი საკმარისი არ იქნება.
რადგან არსებობს ელექტორატი, რომელიც მესამე ცენტრის ჩამოყალიბებას ელოდება, თეორიულად ყველაზე დიდი შანსი ტრიუმვირატს ექნება, გახარია-კვირიკაშვილი-კალაძე, რამდენად შეძლებენ ესენი მოლაპარაკებას და რამდენად იქნება შესაძლებელი ასეთი სამეულის თანამშრომლობა, სათქმელად ძნელია. მაშინ, როცა კვირიკაშვილი კარგა ხანია წავიდა პოლიტიკიდან, თუმცა, გარკევული დოზით კაპიტალი შეინარჩუნა. კალაძე ჯერჯერობით, თბილისის მერია და არ ვიცით, დარჩება მერად თუ დაანებებს თავს, ამიტომ პროგნოზზე ასეთ ვითარებაში საუბარი, ზედმეტია“, – განაცხადა ძაბირაძემ.
რაც შეეხება მოარულ ხმებს, რომ შესაძლოა, ყოფილი პრემიერი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძესთან ალიანსში ვიხილოთ, ძაბირაძე ამ ალიანსს წარუმატებლად მიიჩნევს.
„არაფრის მომტანია გიორგი გახარიასთვის გიორგი ვაშაძესთან ალიანსი. გიორგი ვაშაძეს 3,4%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 1%-იანი ბარიერით, დარწმუნებული ვარ, რომ ვაშაძე იმ პროცენტსაც ვერ აიღებს, რაც აიღო წინა არჩევნებში.
დღეს ვინც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე, ამ შემთხვევაში „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“, ჩემი შეფასებით, ყველამ დაკარგა ამომრჩეველი. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება რეანიმაციას, რომ ეს არის დამოუკიდებელი ძალა. საუბარი რომ სააკაშვილი ასეთი და ისეთია, არ შველის. მათ ამაზე თავის დროზე უნდა ეფიქრათ.
გახარია-კვირიკაშვილი-კალაძე – ამ ტრიუმვირატს პოლიტიკური კაპიტალი აქვთ და რაც მთავარია, შესაძლოა, ელექტოლარული ჯგუფები უჭერდნენ მხარს, მაგრამ ეს ჯგუფები ერთმანეთის საწინააღმდეგო არაა, თავსებადია. ეს ტრიუმვირატი იმ ელექტორატს გააერთიანებს, რომლებიც „ქართული ოცნებიდან“ წავიდა, და მერყევ ელექტორატსაც, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოიღებს. მხოლოდ ის, რომ სამი კაცი პარტიას დააფუძნებს და მერე ფეხი-ფეხზე გადაიდებს, ასე არ გამოვა. ამ შემთხვევაში, მათ იმდენად დიდი ფინანსებიც არ დასჭირდებათ, რაც ზოგადად საჭიროა ხოლმე პარტიისთვის. ცალკე აღებული გახარია 1%-იან ბარიერსაც დაძლევს, ვაშაძესთან ერთად 5%-მდე ავლენ“, – განაცხადა ექსპერტმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ გიორგი გახარიამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას.
გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი ვაშაძის პრესამსახურში არ ადასტურებენ.











